უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა Boeing-ის და Airbus-ის 1 მლრდ ევროს ღირებულების სათადარიგო ნაწილები შეიძინა

აშშ-ის და ვეროკავშირის სანქციების მიუხედავად, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ რუსეთმა Boeing-ის და Airbus-ის 1 მლრდ ევროს ღირებულების სათადარიგო ნაწილები შეიძინა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, რუსეთმა შუამავალი კომპანიების მეშვეობით ნაწილების შეძენის ჩრდილოვანი ქსელი შექმნა. კომპანიები იმ ქვეყნებში დაარსდა, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არ მოქმედებს. ესენია: არაბეთის გაერთიანებული საამიროები, გაბონი, ჩინეთი და თურქეთი. საერთო ჯამში, რუსეთმა 360 ასეთი კომპანია დააარსა. ზოგიერთი ფირმის მეშვეობით 1-2 შეძენა ხდებოდა, ხოლო ზოგიერთი გრძელვადიანად მუშაობდა და მათი მეშვეობით ათეულობით ნაწილის შეძენა ხდებოდა.
2022 წლის თებერვლიდან 2024 წლის სექტემბრამდე რუსეთში არალეგალურად Airbus-სთვის 600 მლნ ევროს სათადარიგო ნაწილები შეიტანეს, ხოლო Boeing-სთვის 400 მლნ ევროს ნაწილები.
რუსეთში ამ ნაწილებს ათობით სხვადასხვა კომპანია იღებდა. ყველაზე ცნობილია S7 Engineering, რომელიც ავიალაინერების რემონტით და ტექნიკური მომსახურებით არის დაკავებული.
რუსეთის მიერ იმპორტირებულ ნაწილებს შორის რეაქტიული ძრავებიც კი იყო, ასევე იქ არის მოწყობილობები, რომელთა გამოყენება სამხედრო საქმეშიც შეიძლება, მაგ. რადიოლოკაციური სისტემები და კომპიუტერები.
2025 წლისთვის რუსეთის სამოქალაქო ავიაცია 700 თვითმფრინავის ექსპლოატაციას ახორციელებს. Boeing და Airbus მთელი ავიაპარკის 2/3-ს შეადგენს.