უკრაინაში ომის დაწყების მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით სამხრეთ კორეამ რუსეთის საელჩოს სთხოვა, ჩამოხსნას ბანერი წარწერით - „გამარჯვება ჩვენი იქნება“
სამხრეთ კორეამ სეულში რუსეთის საელჩოს სთხოვა, ჩამოხსნას დიდი ბანერი წარწერით - „გამარჯვება ჩვენი იქნება“. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინაში ომის დაწყების მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მან თავისი შეშფოთება საელჩოს გადასცა, თუმცა არ დაუზუსტებია, მიიღო თუ არა პასუხი.
დაახლოებით 15-მეტრიანი ბანერი, რუსული დროშის ფერებში და რუსული წარწერით, სეულის ცენტრში მდებარე საელჩოს გარე კედელზე 17 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით ჩამოკიდეს.
როგორც Reuters-ი წერს, 23 თებერვლის მდგომარეობით, ბანერი საელჩოს ფასადიდან ჩამოხსნილი არ არის.
თავის განცხადებაში სამინისტრომ კიდევ ერთხელ დაადასტურა სამხრეთ კორეის პოზიცია, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში უკანონოა.
სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობა უნდა შეწყდეს, რადგან ეს სამხრეთ კორეის უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს და გაეროს წესდებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევას წარმოადგენს.