უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ ევროპაში დისკუსიები განახლდა - Le Monde
მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი ესკალაციის ახალ ფაზაში შედის, უკრაინაში დასავლური ჯარებისა და კერძო სამხედრო კომპანიების გაგზავნის შესახებ დისკუსიები განახლდა, - წერს Le Monde თავის წყაროებზე დაყრდნობით.
„ეს დელიკატური დისკუსიები, რომელთა უმეტესობა გასაიდუმლოებულია, განახლდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ კიევისთვის მხარდაჭერის შესაძლო გაუქმების ფონზე, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი თანამდებობას დაიკავებს“, - ნათქვამია სტატიაში.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, უკრაინაში ჯარების შესაძლო გაგზავნის სცენარი ბოლომდე არ დამთავრებულა და ბოლო კვირებში ახალი იმპულსი მიიღო 11 ნოემბერს საფრანგეთში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის ვიზიტის წყალობით.
„დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, კერძოდ, ევროპაში მოკავშირეების მყარი ბირთვის შექმნის მიზნით, რომელიც ორიენტირებულია უკრაინაზე და უფრო ფართო გაგებით, ევროპულ უსაფრთხოებაზე“, - განუცხადა Le Monde-ს ბრიტანელმა სამხედრო წყარომ.
გარდა ამისა, გამოცემა მიუთითებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს „იმედისმომცემ“ განცხადებაზე. კერძოდ, 23 ნოემბერს BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან დასავლეთის მოკავშირეებს მოუწოდა, „არ დააწესონ და არ გამოაცხადონ წითელი ხაზები“ უკრაინის მხარდაჭერისთვის. რეგიონში ფრანგული ჯარების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე კი განაცხადა: „ჩვენ არ გამოვრიცხავთ არცერთ ვარიანტს“.
Le Monde აღნიშნავს, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის შესახებ ამჟამად ოფიციალური ნებართვა არ არსებობს, მაგრამ „წინადადებები უკვე რამდენიმე თვეა, მაგიდაზეა“.
ერთ-ერთი მათგანი ეხება Défense Conseil Internationa-ს (DCI) - საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარ ოპერატორს ფრანგული იარაღის მიწოდების საექსპორტო კონტრაქტების მონიტორინგისა და მასთან დაკავშირებული სამხედრო ცოდნის გადაცემის მიზნით.
„DCI-ი, რომელიც 80%-ით ყოფილი სამხედროებისგან შედგება, მზად არის, გააგრძელოს უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნა უკრაინაში, როგორც ეს უკვე კეთდება საფრანგეთსა და პოლონეთში. საჭიროების შემთხვევაში, მას შეუძლია კიევში გაგზავნილ ფრანგულ სამხედრო აღჭურვილობას მოემსახუროს“, - წერს გამოცემა.
როგორც Le Monde აღნიშნავს, უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის შესახებ დისკუსიების განახლება კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდების ზრდის ფონზე ხდება.
„წყაროების თანახმად, უკრაინელები ამ ტიპის რაკეტებს დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე ვერ გამოიყენებენ. ბრიტანული Storm Shadows-ი ისევე, როგორც ფრანგული Scalp-ი, უნდა იყოს დაპროგრამებული, სანამ მათ უკრაინის განკარგულებაში არსებულ Su-24 ბომბდამშენებზე დააყენებენ“, - წერს გამოცემა.