უკრაინაში გეი-ქორწინება პირველად აღიარეს

უკრაინის სასამართლომ ერთნაირსქესიანი წყვილი პირველად აღიარა დაქორწინებულად. ინფორმაცია ამის შესახებ მედიაში უკრაინული LGBTQ+ ორგანიზაციის „ინსაითის“ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა.
როგორც აღმოჩნდა, კიევის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი და ძალაში დატოვა დესნიანსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ქვეყნის ისტორიაში პირველად, ზორიან კისის და ტიმურ ლევჩუკის თანაცხოვრება დაადგინა და მათი ქორწინება აღიარა.
მანამდე, ისრაელში უკრაინის საელჩოს პირველმა მდივანმა ზორიან კისმა და მისმა პარტნიორმა, უფლებადამცველმა ტიმურ ლევჩუკმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართეს, რომ სამსახურებრივ შვებულებაში ერთად გაეგზავნათ, როგორც ოჯახი.
მაშინ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარი განაცხადა, რადგან მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ქორწინებად მხოლოდ მეუღლეებს შორის კავშირი განისაზღვრება. ამის საპასუხოდ, წყვილმა ქორწინების არსებობის დასადგენად სარჩელი შეიტანა.
სასამართლომ წერილობითი მტკიცებულებების განხილვის შემდეგ დაასკვნა, რომ „მამაკაცები დიდი ხნის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ, გარშემომყოფებისთვის მოიაზრებოდნენ როგორც ოჯახი, იზიარებდნენ საერთო ხარჯებს და პასუხისმგებლობას და ზრუნავდნენ ერთმანეთზე“. დესნიანსკის რაიონულმა სასამართლომ არგუმენტად უკრაინის კონსტიტუცია მოიყვანა, ოჯახის განმარტების შესახებ.
მოგვიანებით, საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ყველა ერთად“ და მისმა წარმომადგენელმა რუსლან კუხარჩუკმა წყვილის წინააღმდეგ სააპელაციო საჩივარი შეიტანა, რაც კიევის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა და წინა გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
შემთხვევას ორგანიზაცია „ინსაითმა“ მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა მთელი LGBTQ+ საზოგადოებისთვის.
„ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ამ გადაწყვეტილებით. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. მადლიერები ვართ თითოეული თქვენგანის, ვინც დღეს სასამართლო სხდომას დაესწრო“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში.
სასამართლო სხდომაზე აქტივისტებმა წყვილს პლაკატებით დაუჭირეს მხარი, რომლებზეც ეწერა: „ჩემი ოჯახი არსებობს, მაგრამ სახელმწიფო არ აღიარებს მას“, „ოჯახი სტერეოტიპებს სცილდება“ და „ლგბტქ+ ადამიანები არ გართმევენ უფლებებს, მათ უბრალოდ იგივე სურთ“.
„ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა წინ, მაგრამ დღეს ჩვენ, ნამდვილად, უფრო ახლოს ვართ თანასწორობასთან. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინაში ყველა ოჯახმა, მისი შემადგენლობის მიუხედავად, მიიღოს სათანადო დაცვა და აღიარება. სიყვარული კი უფრო ძლიერია, ვიდრე ცრურწმენა“, - ნათქვამია LGBTQ+ საზოგადოების მიერ გავრცელებულ მიმართვაში.