„უკრაინას სურს ომის დასრულება და ყველაფერს აკეთებს ამის მისაღწევად, ველოდებით მსგავს ნაბიჯებს რუსეთისგან“ - ზელენსკი რომის პაპს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას პირველი სატელეფონო საუბარი ჰქონდა რომის ახალ პაპ ლეო XIV-თან. ამის შესახებ ზელენსკი იტყობინება.
ზელენსკიმ ახალ პაპთან საუბარს „ძალიან თბილი“ და „ნამდვილად შინაარსიანი“ უწოდა.
„მადლობა გადავუხადე მის უწმინდესობას უკრაინისა და ჩვენი ხალხის მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებთ მის სიტყვებს ჩვენი ქვეყნისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისა და ტყვეების გათავისუფლების აუცილებლობის შესახებ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ვატიკანის დახმარებით იმედოვნებს, რომ რუსეთის მიერ დეპორტირებული ათასობით უკრაინელი ბავშვის სახლებში დაბრუნებას შეძლებს.
ამასთან, მისივე თქმით, მან რომის პაპს უკრაინასა და მის პარტნიორებს შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ აცნობა.
„ასევე, კიდევ ერთხელ დავადასტურე უკრაინის მზადყოფნა შემდგომი მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მათ შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. უკრაინას სურს ამ ომის დასრულება და ყველაფერს აკეთებს ამის მისაღწევად. ახლა ჩვენ ველოდებით მსგავს ნაბიჯებს რუსეთისგან“, - აღნიშნა ზელენსკი.
გარდა ამისა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რომის პაპი სამოციქულო ვიზიტით უკრაინაში მიიწვია.
„ასეთი ვიზიტი რეალურ იმედს მოუტანს ყველა მორწმუნეს და ჩვენს ყველა ხალხს“, - აცხადებს ზელენსკი.