Loading data...
უკრაინას შეუძლია, გაიმარჯვოს - ზელენსკიმ დაასახელა მთავარი პირობა, რომელიც უკრაინელებზე არ არის დამოკიდებული

უკრაინას შეუძლია, მოიგოს ომი რუსეთთან, თუ დასავლეთს ვლადიმერ პუტინის შიში აღარ ექნება და რუსეთის ლიდერის სისუსტეს აღიარებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ გამოცემა The Philadelphia Inquirer-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მოსკოვთან პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებები ომს არ დაასრულებს, არამედ მხოლოდ წაახალისებს რუსეთის შემდგომ აგრესიას უკრაინის, ევროპისა და ამერიკის წინააღმდეგ.

„შეუძლებელია ერთი ხელით დაეხმარო უკრაინას, მეორეთი კი პუტინს ხელი ჩამოართვა, ეს არ გამოვა“, - აღნიშნა მან.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის საკითხებში არა მხოლოდ დასავლეთი ეხმარება უკრაინას, არამედ უკრაინა სწორედ ახლა „იცავს ყველა დემოკრატიულ ქვეყანას, რომლებსაც პუტინი მომავალში თავს დაესხმება“.

ინტერვიუს ავტორი აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე თვე უკრაინისთვის და მისი პრეზიდენტისთვის რთული იყო. რუსეთის შეტევა ხარკოვზე შეჩერდა, მაგრამ აგრესორი აგრძელებს წინსვლას დონბასში.

„ყველაზე დიდი [ამჟამინდელი] პრობლემა მართვადი ბომბებია. ასე რომ, თქვენ უნდა მოძებნოთ გრძელვადიანი გადაწყვეტა მათი [რუსების] აეროდრომების წინააღმდეგ, სადაც მათი სამხედრო თვითმფრინავები ეშვებიან და რომელსაც რუსეთი ბომბებისა და რაკეტების გასაშვებად იყენებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს პრობლემა შეიძლება მოგვარდეს, თუ შეერთებული შტატები უკრაინას მისცემს საშუალებას, გამოიყენოს ამერიკული ATACMS-ის რაკეტები რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე თავდასხმისთვის. სანამ ასეთი ნებართვა არ გაიცემა, უკრაინა ცდილობს, აეროდრომებს დრონებით დაარტყას, მაგრამ მათ არ აქვთ საკმარისი ძალა.

ცოტა ხნის წინ, ჯო ბაიდენმა დაუშვა ამერიკული იარაღის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის საზღვრის მახლობლად, სადაც რუსული ჯარები იკრიბებოდნენ. ამან შესაძლებელი გახადა ხარკოვზე რუსეთის შეტევის შეჩერება.

„მაგრამ ეს არ წყვეტს ჩვენს პრობლემებს. ეს არის ტაქტიკური და არა სტრატეგიული”, - თქვა ზელენსკიმ.