უკრაინამ უარყო უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტია, რაც ნატოში მის წევრობას ჩაანაცვლებს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით ქვეყნის ხელისუფლება უარყოფს უსაფრთხოების ნებისმიერ გარანტიას, რაც ნატოში მის წევრობას ჩაანაცვლებს. განცხადება ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომამდე გაკეთდა, რომელიც ბრიუსელში გაიმართება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
„დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების ერთადერთი რეალური გარანტია და რუსეთის მხრიდან უკრაინის და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიის გაგრძელების შემაკავებელი ფაქტორი არის სრულფასოვანი გაწევრიანება ნატოში“, - წერია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინას ბუდაპეშტის მემორანდუმის მწარე გამოცდილება აქვს და ამიტომ ნატოში გაწევრიანების არანაირ ალტერნატივას, სუროგატს ჩვენ არ მივიღებთ“, - წერია განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, რომლებმაც ბუდაპეშტის მემორანდუმს ხელი მოაწერეს, ასევე საფრანგეთსა და ჩინეთს, რომლებსაც მემორანდუმისთვის ხელი არ მოუწერიათ, და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ყველა ქვეყანას, რომ ნატოში უკრაინის მიწვევას მხარი დაუჭირონ, რაც უკვე დღეს რუსული შანტაჟის საწინააღმდეგო ქმედება იქნება.
კიევში აცხადებენ, რომ საუბარია არა მარტო უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებაზე, რადგანაც 1994 წლის შეთანხმებების საწინააღმდეგოდ, უკრაინაზე სრულმასშტაბიანმა აგრესიამ, ბირთვული განიარაღების იდეა შეარყია და ამის შემდეგ ახლო აღმოსავლეთისა და ინდოეთი-წყნარი ოკეანის რეგიონების ქვეყნებმა არსებული ბირთვული პოტენციალის გაზრდა ან საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობები გაააქტიურა.
უკრაინის საგარეო უწყება ბუდაპეშტის მემორანდუმს „უსაფრთხოების საკითხებში მიღებული გადაწყვეტილებების არაშორმსჭვრეტელობის ძეგლი“ უწოდა და აღნიშნა, რომ უკრაინის ინტერესების ხარჯზე ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის განვითარება განწირულია.
ამასთანავე, როგორც Deutche Welle-ს ბრიუსელში არსებულმა საკუთარმა წყაროებმა აცნობეს, ნატოში არ არსებობს კონსენსუსი ალიანსში უკრაინის განვითარების საკითხზე და ნაკლებად სავარაუდოდ, რომ ეს გადაწყვეტილება ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოზე იქნება მიღებული, რომელიც 3-4 დეკემბერს იმართება.