Loading data...
უკრაინამ რუსეთს დრონებით შეუტია, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით ათობით აეროპორტი დაიხურა

უკრაინული დრონებით იერიშის გამო, რუსეთის ხელისუფლებამ ათეულობით აეროპორტი რამდენიმე საათით დახურა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. 

რუსეთის ფედერალური საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, მოსკოვის ოთხ აეროპორტში, ასევე, ნიჟნი ნოვგოროდში, ვოლგოგრადსა და სხვა ადგილებში ფრენები შეიზღუდა.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ ღამით ქალაქში სულ 19 დრონი ჩამოაგდეს. მისივე თქმით, ავიაიერიშს „ნგრევა, ან მსხვერპლი არ მოჰყოლია“.

გავრცელებული ინფორმაციით, ათობით დრონი ჩამოაგდეს ქვეყნის სხვა რეგიონებში, მათ შორის კურსკში, ვორონეჟში, პენაში და სხვ.

საჰაერო იერიშების მასშტაბები ამ ეტაპზე უცნობია და კიევს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. უკრაინამ გაზარდა შეტევები იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც, უკრაინული მხარის განცხადებით, მოსკოვის მიმდინარე აგრესიულ ომში საკვანძოა. 

აღსანიშნავია, რომ საჰაერო იერიშები დედაქალაქში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილი მასშტაბური სამხედრო აღლუმის წინ რამდენიმე დღით ადრე მოხდა, რომელსაც რუსეთი 9 მაისს აღნიშნავს. აღლუმთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთის რამდენიმე მოკავშირე დაესწრება, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომში სამდღიანი ზავი გამოაცხადა, რომელიც მოსკოვის დროით 8 მაისის 00:00 საათიდან 11 მაისის 00:00 საათამდე იქნება ძალაში. 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საპასუხოდ მოსკოვს მოუწოდა, აშშ-ის მიერ შეთავაზებულ 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს. 

„რუსები ითხოვენ 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტას და თავად ესვრიან უკრაინას ყოველდღე. ეს უმაღლესი დონის ცინიზმია“, - დაწერა ზელენსკიმ 4 მაისს სოციალურ ქსელში.