უკრაინამ კირილ დმიტრიევს სანქციები დაუწესა
უკრაინამ სანქციები დაუწესა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელსა და რუსეთის ფედერაციის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელს, კირილ დმიტრიევს. ასევე სანქციები დაუწესდა რუსეთის განათლების მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ბუგაევს, გენერალ-მაიორს ალექსანდრე ზორინსა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოქსანა ლუტს. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
„უკრაინის მიერ სანქციები დაუწესდა პუტინის სამთავრობო სტრუქტურებში მომუშავე პირებს, რომლებიც უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში ძარცვასთან არიან დაკავშირებულები. ერთი მათგანი რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელია, ხოლო ერთ-ერთი - კოლაბორაციონისტია“, - განაცხადა სანქციების კომენტირებისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინამ სანქციები დაუწესა ასევე რუსეთის წიგნების გამოცემებს - „წიგნების სამყაროს“, „ვეჩეს“, ცენტრპოლიგრაფს“, „იაუზას“ და „პიტერს“. მათ წინააღმდეგ სანქციები ზელენსკიმ იმით ახსნა, რომ „გამოცემები რუსეთის აგრესიას ამართლებენ და მსოფლიოში რუსეთის პროპაგანდას ავრცელებენ“.