უკრაინამ და რუსეთმა დაადასტურეს, რომ ქალაქ ოლეშკიში ცეცხლი შეწყდება
უკრაინამ და რუსეთმა დაადასტურეს, რომ ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში დროებით ცეცხლი შეწყდება. ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა დიმიტრი ლუბინეცმა და რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა სერგეი გერასიმოვმა განაცხადეს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
გერასიმოვის თქმით, რუსი სამხედროები 27 ოქტომბრიდან ხერსონის ყველა მიმართულებაზე ცეცხლს შეწყვეტენ, რათა ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდეს. უკრაინის ომბუდსმენს ცეცხლის შეწყვეტის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის პირველ ლედის, მელანია ტრამპს, რომელიც ამ საკითხზე რუსეთის და უკრაინის მხარეებს შორის მოლაპარაკების კოორდინაციას ახორციელებდა.
„დღეს ოლეშკების შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ჩვენი მოქალაქეები გადავარჩინოთ. ეს ძალზე რთული ოპერაციაა და ის რამდენიმე ეტაპად ჩატარდება“, - განაცხადა ლუბინეცმა.
23 ოქტომბერს თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება, რომ მოსკოვი და კიევი 29 ოქტომბრიდან ოლეშკებში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
ვაშინგტონის ინფორმაციით, მხარეები ცეცხლს შეწყვეტენ, რათა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდეს. როგორც აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა განაცხადა, ოლეშკის მოსახლეობამ თავად უნდა გადაწყვიტოს სად უნდათ წასვლა - ვისაც სურს რუსეთში წავა, ვისაც სურს - უკრაინაში. მელანია ტრამპის თქმით, ამ პროცესს აშშ-ის მედიაორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან და ისინი ადგილობრივ მოსახლეობას გააცილებენ, რათა თითოეული ოჯახის სურვილი ზუსტად იყოს შესრულებული.
სხვადასხვა შეფასებით ოლეშკიში ამჟამად 1700-დან 2000-მდე ადამიანი, ძირითადად მოხუცები იმყოფებიან. ასევე ქალაქში 50-მდე ბავშვი რჩება.