უკრაინამ და ევროპის საბჭომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და ევროპის საბჭომ ხელი მოაწერეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას. შეთანხმებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ მოაწერეს.
უკრაინული მედიის ცნობით, მომავალი სპეციალური ტრიბუნალი იძლევა საშუალებას, გამოძიება ჩაატარონ სახელმწიფოს უმაღლესი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, რომელიც ჩვეულებრივ დაცულია პერსონალური იმუნიტეტებით.
თუმცა განაჩენების გამოტანა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მათი თანამდებობების დაკარგვის შემდეგ. ასევე, მოსალოდნელია, რომ ტრიბუნალს შეეძლება განაჩენების გამოტანა ბრალდებულების ყოფნის გარეშეც. კერძოდ, რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, ასევე პოტენციურად ბელარუსისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგაც.