Loading data...
უკრაინამ 175 ტყვე დაიბრუნა

აღდგომის წინა დღეს რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების მორიგი გაცვლა შედგა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინამ 175 ადამიანი დაიბრუნა, მათ შორის როგორც სამხედრო, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები.

„ჩვენი ხალხი სახლში ბრუნდება. 175 ჯარისკაცი. შეიარაღებული ძალების წევრები, ეროვნული გვარდიის წევრები, სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები, რიგითები, სერჟანტები, ოფიცრები და შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე“, - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ესენი არიან ჯარისკაცები, რომლებიც იცავდნენ უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით: მარიუპოლში, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე, დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, სუმის, კიევისა და კურსკის მიმართულებით. მათ შორის არიან დაჭრილები.

„მათი უმეტესობა 2022 წლიდან ტყვეობაში იმყოფებოდა და საბოლოოდ, ისინი სახლში არიან“, - წერს ზელენსკი.

სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის განცხადებით, გათავისუფლებულთა შორის არის 25 ოფიცერი, რომელთა გაცვლაზეც რუსული მხარე ადრე კატეგორიულ უარს ამბობდა. 

დღეს გათავისუფლებული დამცველების ნახევარზე მეტი, როგორც ამბობენ, მარიუპოლის დაცვის დროს ტყვედ ჩავარდა. სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ დღეებში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ოკუპაციის დროს ტყვედ ჩავარდნილი ეროვნული გვარდიის რამდენიმე ჯარისკაციც სახლში ბრუნდება.

გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლებულთა შორის ყველაზე ახალგაზრდა 22 წლისაა, ხოლო ყველაზე უფროსი - 63 წლის.