„უკრაინა ყოველთვის იმოქმედებს თავისი კონსტიტუციის შესაბამისად“ - ზელენსკი ტრამპის კრიტიკას გამოეხმაურა და მას „ყირიმის დეკლარაცია“ შეახსენა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელი კოლეგის დონალდ ტრამპის მხრიდან ყირიმთან დაკავშირებით მისი განცხადებების კრიტიკას გამოეხმაურა და გაიხსენა ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება რუსეთის ანექსიის არაღიარების შესახებ.
სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ზელენსკიმ გაიხსენა უკრაინის, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლების შეხვედრა ლონდონში და დასძინა, რომ „დღეს ბევრი ემოცია იყო“.
„ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი პარტნიორების. უკრაინა ყოველთვის იმოქმედებს თავისი კონსტიტუციის შესაბამისად და ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი პარტნიორები, განსაკუთრებით შეერთებული შტატები, იმოქმედებენ თავიანთი მტკიცე გადაწყვეტილებების შესაბამისად“, - დასძინა სახელმწიფოს მეთაურმა.
ზელენსკიმ პოსტს დაურთო ყირიმის დეკლარაციის ფოტო, ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს 2018 წლის განცხადება, რომელმაც დაადასტურა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის არაღიარება.
Emotions have run high today. But it is good that 5 countries met to bring peace closer. Ukraine, the USA, the UK, France and Germany. The sides expressed their views and respectfully received each other’s positions. It’s important that each side was not just a participant but… pic.twitter.com/lDFV5WK8tw
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) April 23, 2025
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას გასულ კვირას პარიზში გადასცა ერთგვერდიანი დოკუმენტი, რომელიც სამშვიდობო დარეგულირების „საბოლოო წინადადებად“ იყო წარდგენილი. სხვა საკითხებთან ერთად, აშშ მზადაა, აღიაროს რუსეთის კონტროლი ოკუპირებულ ყირიმზე და შეამსუბუქოს სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას იურიდიულად არ ცნობს.
ტრამპმა უკრაინელი კოლეგის განცხადება გააკრიტიკა და თქვა, რომ უკრაინამ „ყირიმი მრავალი წლის წინ დაკარგა“ და რომ ზელენსკის სიტყვები „საზიანოა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის“.