Loading data...
„უკრაინა ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის ერთგულია“ - ერმაკმა ლონდონში გამართული შეხვედრის შედეგებზე ისაუბრა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა ლონდონში „მსურველთა კოალიციაში“ მონაწილე ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მრჩევლებთან გამართული შეხვედრის შედეგებზე ისაუბრა.

მისი თქმით, შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ რეზიდენციაში საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ ლემის მიწვევით გაიმართა.

„ეს უკვე მეორე ასეთი შეხვედრაა, წინა პარიზში გაიმართა. დღეს კი ჩვენ გავაგრძელეთ ღრმა დიალოგი, რომელიც მიზნად ისახავს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევას უკრაინაში. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის ერთგული ვართ“, - წერს ერმაკი Telegram-ზე.

მისი თქმით, უკრაინა მადლობას უხდის პარტნიორებს მტკიცე მხარდაჭერისთვის და ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულების საერთო სურვილისთვის.

„რუსეთი აგრძელებს უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე უარის თქმას, პროცესის გაჭიანურებას და მოლაპარაკებებით მანიპულირებას. მაგრამ საერთაშორისო ერთიანობა და ჩვენი პარტნიორების მკაფიო პოზიცია მას შანსს არ უტოვებს. ჩვენ შევთანხმდით შემდგომ რეგულარულ კონსულტაციებზე, რათა მივაღწიოთ მთავარ მიზანს: სამართლიან მშვიდობას უკრაინისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა.

შეხვედრაზე უკრაინას წარმოადგენდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და თავად ანდრეი ერმაკი. 

დიდი ბრიტანეთის მხრიდან - პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონათან პაუელი, საფრანგეთიდან - პრეზიდენტის დიპლომატიური მრჩეველი ემანუელ ბონი, გერმანიიდან - კანცლერის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების მრჩეველი იენს პლოტნერი.