უკრაინა ტრამპის დაპირებულ Patriot-ის სისტემებს 2026 წლის გაზაფხულამდე ვერ მიიღებს - Spiegel

Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რომელთა გადაცემასაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინას დაჰპირდა, კიევში 2026 წლის გაზაფხულამდე არ ჩავა. ამის შესახებ Spiegel-ი გერმანიის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემამ გაიხსენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმის თანახმად, უკრაინაში იარაღის გადაცემის პირობაა, რომ ქვეყნები, რომლებსაც ასეთი იარაღი აქვთ, მზად იყვნენ, ახლავე უარი თქვან მასზე, ხოლო სხვა სახელმწიფოები მის საფასურს გადაიხდიან.
ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა სისტემები თავიანთი სამხედრო მარაგებიდან უნდა გაიღონ, შემდეგ კი მათი ჩამნაცვლებლები მიიღონ, როდესაც ამერიკული კომპანია RTX Corporation-ი მათ მიწოდების რიგში გადაიტანს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად იარაღის სწრაფი მიწოდება რთული ამოცანა აღმოჩნდა. წყაროების ცნობით, გერმანია Patriot-ის ბატარეის მიღებას რვა თვეზე ადრე ვერ შეძლებს. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს უკრაინა საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიღებას.