უკრაინა, სავარაუდოდ, ყველაზე თანამედროვე ფრანგულ ავიაგამანადგურებელ Rafale-ს მიიღებს - ფრანგი ჟურნალისტი
უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტები ორშაბათს, 17 ნოემბერს, შეხვედრისას მნიშვნელოვან სამხედრო შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რომელიც, სავარაუდოდ, კიევისთვის Rafale-ის ავიაგამანადგურებლების მიწოდებას მოიცავს. ამის შესახებ თავის ბლოგში წერს ფრანგი ჟურნალისტი ჟან-დომინიკ მერჩე, ყოველდღიური გაზეთ L'Opinion-ის დიპლომატიური და სამხედრო კორესპონდენტი.
ის ეყრდნობა ინფორმაციას, რომელიც ელისეის სასახლიდან მიიღო. კერძოდ, მასში ნათქვამია, რომ ემანუელ მაკრონისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას ინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრებიან, ასევე, ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს. ელისეის სასახლის განმარტებით, შეხვედრაზე განხილული იქნება Rafale-ის ავიაგამანადგურებლები და მათი შეიარაღება, SAMP/T NG საზენიტო-სარაკეტო სისტემები Aster 30 B1 NT რაკეტებით, GF300 რადარები და დრონები.
„რამდენიმე ათეული Rafale-ის გამანადგურებლის მიწოდება შეიძლება იმდენად მნიშვნელოვანი იყოს, რომ მას „ისტორიული“ ვუწოდოთ“. ჩვენი ინფორმაციით, ეს მართლაც იქნება „ძალიან დიდი გრძელვადიანი ვალდებულება“, რაც შედარებადია იმასთან, რაც ცოტა ხნის წინ უკრაინასა და შვედეთს შორის გამოცხადდა“, - წერს ჟურნალისტი, კიევის მიერ ასზე მეტი შვედური გამანადგურებლის შეძენის განზრახვაზე მითითებით.
თუმცა, როგორც ჟან-დომინიკ მერჩე აღნიშნავს, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული უკრაინა-საფრანგეთის ვალდებულებების ფორმაზე. კერძოდ, მან ეჭვი გამოთქვა, რომ საფრანგეთი უკვე არსებულ თვითმფრინავებს თავის საჰაერო ძალებს გაუზიარებს. საფრანგეთის სამხედრო ძალები უკვე ჩივიან, რომ მათ თავად არ აქვთ საკმარისი თვითმფრინავები.
ჟურნალისტის თქმით, სავარაუდოა სცენარი, რომლის მიხედვითაც, უკრაინას ახალი თვითმფრინავები პირდაპირ მწარმოებლისგან მიეწოდება, თუმცა ამას დრო დასჭირდება. ხელშეკრულების გაფორმებიდან გამანადგურებლების მიწოდებამდე შესაძლოა, მინიმუმ სამი წელი გავიდეს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამ თვითმფრინავებზე უკვე არსებობს რიგი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ვინ გადაიხდის მათ ხარჯებს.