Loading data...
უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების მცირე შესაძლებლობას უნგრეთსა და საფრანგეთში დაგეგმილ არჩევნებს შორის შუალედში ხედავს

„უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების მცირე შესაძლებლობას უნგრეთში 2026 წლის აპრილში დაგეგმილ არჩევნებსა და საფრანგეთში 2027 წლის აპრილში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს შორის შუალედში ხედავს“, - ამის შესახებ სტატიას POLITICO აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, უკრაინას სურს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მოლაპარაკებულ სამშვიდობო შეთანხმებაში 2027 წელს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ პუნქტი შევიდეს.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ლიდერები მუშაობენ გეგმაზე, რომელიც უკრაინას 2027 წელს ნაწილობრივ წევრობას მიანიჭებს. ეს ქვეყანას საშუალებას მისცემს, მიიღოს დამკვირვებლის სტატუსი ევროპის საბჭოს სამიტებსა და ევროპარლამენტის კომიტეტებში, ვიდრე ის სრული წევრობისთვის აუცილებელ რეფორმებს დაასრულებს.

POLITICO წერს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არ დაუშვებს კიევის წინსვლას უნგრეთში საპარლამენტო არჩევნების გამართვამდე, რადგან მან უკრაინისადმი წინააღმდეგობა თავისი საარჩევნო კამპანიის მთავარ ელემენტად აქცია. თუმცა, ორბანმა შესაძლოა, შეამსუბუქოს თავისი წინააღმდეგობა, თუ კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს არჩევნებში.

„ორბანი უნგრეთის არჩევნებს თუ წააგებს, როგორც ბრიუსელი, ასევე კიევი მანევრირების სივრცეს ხედავენ ოპოზიციის ლიდერის პიტერ მადიარის ხელმძღვანელობით, რომელიც გამოკითხვებში ლიდერობს“, - აღნიშნავს გამოცემა.

ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მადიარის მიერ უკრაინის კრიტიკის მიუხედავად, მას მაინც სურს ბრიუსელთან უფრო „კონსტრუქციულად“ ურთიერთობა და შესაძლოა, მოტივირებული იყოს უნგრეთისთვის გაყინული ევროკავშირის თანხების გამოთავისუფლების სურვილით.

რაც შეეხება საფრანგეთს, გამოცემა წერს, რომ 2027 წლის აპრილის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, კრემლისადმი ლოიალური ულტრამემარჯვენე ეროვნული ასამბლეის პარტია ლიდერობს.

„არსებობს შიში, რომ ​მარინ ლე პენის პარტია საპრეზიდენტო არჩევნებში თუ გაიმარჯვებს იქამდე, ვიდრე უკრაინას ევროკავშირში ადგილს შესთავაზებენ, მან შეიძლება, დაბლოკოს კიევის წევრობა“, - წერს POLITICO.