Loading data...
„უკრაინა ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზად არ არის“ - ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე

ჩეხეთის რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, ANO-ს თავმჯდომარემ ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზად არ არის.

„ჯერ ომი უნდა დავასრულოთ და შემდეგ უკრაინასთან თანამშრომლობა შეგვიძლია, მაგრამ თქვენ ევროკავშირისთვის მზად არ ხართ“, - განაცხადა ბაბიშმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას მან ასევე კომენტარი გააკეთა ჩეხეთის ინიციატივაზე უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ. ბაბიში მიიჩნევს, რომ „არავინ უნდა იღებდეს მოგებას ომიდან“ და შესაბამისად, საბრძოლო მასალის მიწოდება გამჭვირვალე და ნატოს მიერ მართული უნდა იყოს.

ინფორმაციისთვის, ჩეხეთის რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართა. ბიულეტენების თითქმის 100%-ის დათვლის შემდეგ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის პარტიამ ხმების 34,66% მიიღო, ხოლო პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას მმართველმა ბლოკმა „სპოლუმ“ - 23,27%.

თუმცა უმრავლესობის მოსაპოვებლად ANO-ს 101 მანდატის მოპოვება სჭირდება და ამჟამინდელი შედეგების მიხედვით, პარტია მხოლოდ დაახლოებით 80 ადგილს იღებს, ამიტომ მას კოალიციის შექმნა მოუწევს.

პარლამენტში ასევე შევიდნენ: STAN (დაახლოებით 11%), მეკობრეების პარტია (8.7%) და ტომიო ოკამურას ულტრამემარჯვენე სოციალ-დემოკრატიული პარტია (8%-ზე ოდნავ ნაკლები). აქტივობამ 68% შეადგინა.