Loading data...
უკრაინა აშშ-ის ბაზების დასაცავად ჯარებს გაგზავნის - Reuters-ი ვადებს ასახელებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონის ოფიციალური მოთხოვნის შემდეგ უკრაინა შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში ირანის მოიერიშე დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

ზელენსკის თქმით, უკრაინულმა მხარემ უკვე მიიღო შეერთებული შტატებისგან ირანული „შაჰედის“ ტიპის დრონებისგან თავდაცვაში მხარდაჭერის თხოვნა.

„ჩვენ მივიღეთ შეერთებული შტატებისგან თხოვნა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში „შაჰედებისგან“ დაცვის საკითხში კონკრეტული მხარდაჭერის შესახებ. მე გავეცი ბრძანება, უზრუნველყოფილი იყოს საჭირო რესურსები და უკრაინელი სპეციალისტების ყოფნა, რომლებსაც შეუძლიათ საჭირო უსაფრთხოების გარანტირება“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე. 

სიტუაციის შესახებ ინფორმირებულმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურეებმა და სპეციალისტებმა შესაძლოა, უახლოეს დღეებში დაიწყონ მუშაობა. მოსალოდნელია, რომ ისინი რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში ამერიკული ბაზებისა და ჯარების დაცვაში დახმარებას უზრუნველყოფენ. 

წყარო ასევე იტყობინება, რომ უკრაინის პრეზიდენტმა უკვე მისცა სამხედროებს დავალება, მოემზადონ ამ მისიის შესასრულებლად.

„წყაროს ცნობით, უკრაინელები სამუშაოებს „უახლოეს რამდენიმე დღეში“ დაიწყებენ“, - იუწყება სააგენტო.

რუსეთთან ომის დროს უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურეებმა შეიმუშავეს ეფექტური მეთოდები „შაჰედის“ დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომლებსაც მოსკოვი უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ აქტიურად იყენებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Reuters-ს განუცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა, მიიღოს ნებისმიერი ქვეყნის დახმარება ირანული დრონებისგან თავის დასაცავად.

უკრაინამ ასევე განაცხადა, რომ მზადაა, ახლო აღმოსავლეთის მოკავშირეებს საკუთარი დრონები „პეტრიოტის“ სისტემების რაკეტებში გაუცვალოს.