უიტკოფმა და არაღჩიმ ისრაელ-ირანის კონფლიქტის დასრულებასთან დაკავშირებით რამდენიმე სატელეფონო საუბარი გამართეს - Reuters

ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის მოსაძებნად ტელეფონით რამდენჯერმე ისაუბრეს მას შემდეგ, რაც ისრაელმა გასულ კვირას ირანზე საჰაერო იერიშები დაიწყო. ამის შესახებ Reuters-ს სამმა დიპლომატმა განუცხადა.
დიპლომატების თქმით, რომლებმაც საკითხის მგრძნობელობის გამო, ვინაობის დამალვა ითხოვეს, არაღჩიმ განაცხადა, რომ თეირანი მოლაპარაკებებს არ დაუბრუნდება, თუ ისრაელი 13 ივნისს დაწყებულ თავდასხმებს არ შეწყვეტს.
მათი თქმით, მოლაპარაკებების დროს მხარეებმა მოკლედ განიხილეს აშშ-ის მიერ ირანისთვის მაისის ბოლოს წარდგენილი წინადადება, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული კონსორციუმის შექმნას, რომელიც ურანს ირანის გარეთ გაამდიდრებს, შეთავაზება, რომელსაც თეირანი აქამდე უარყოფს.
აშშ-ისა და ირანის ოფიციალურმა პირებმა დაუყოვნებლივ არ უპასუხეს Reuters-ის მოთხოვნას ამ საკითხზე კომენტარის გაკეთების შესახებ.
თეირანთან დაახლოებული რეგიონული დიპლომატის თქმით, არაღჩიმ უიტკოფს უთხრა, რომ თეირანს „შეუძლია მოქნილობა გამოიჩინოს ბირთვულ საკითხში“, თუ ვაშინგტონი ომის დასასრულებლად ისრაელზე ზეწოლას განახორციელებს.
„არაღჩიმ უიტკოფს უთხრა, რომ ირანი მზად არის, დაუბრუნდეს ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებებს, მაგრამ თუ ისრაელი დაბომბვას გააგრძელებს, ამას ვერ შეძლებს“, - განაცხადა ევროპელმა დიპლომატმა.
მეორე რეგიონულმა დიპლომატმა Reuters-ს განუცხადა, რომ „(პირველი) ზარის ინიციატორი ვაშინგტონი იყო, რომელმაც ასევე ახალი შეთავაზება წამოაყენა“ კონფლიქტთან დაკავშირებული ჩიხის დასაძლევად.