უიტკოფის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარებასთან დაკავშირებით პროგრესი მიღწეულია, თუმცა ერთი საკითხი კვლავ გადასაჭრელი რჩება
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ის უკრაინა-რუსეთის ომში მშვიდობის მიღწევის მცდელობების მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი და რომ მხოლოდ ერთი საკითხი რჩება გადასაჭრელი. ამის შესახებ მან დავოსში უკრაინულ საუზმეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
უიტკოფმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის მოგვარებასთან დაკავშირებით გარკვეული პროგრესია მიღწეული. მან განაცხადა, რომ მხარეები „ბოლო ეტაპზე არიან“. თუმცა, მისი თქმით, სამშვიდობო შეთანხმებაში ერთი საკითხი კვლავ გადასაჭრელია, რომლის მოგვარება შესაძლებელია.
„ჩვენ საერთო აზრამდე მივედით, განვიხილეთ სხვადასხვა ვარიანტი და, როგორც ჩანს, პრობლემის მოგვარება შესაძლებელია. ჩვენ ამას მოვაგვარებთ. უკრაინელები ბევრ რამეს იმსახურებენ, რადგან ისინი ძალიან მამაცები არიან თავიანთ ბრძოლაში. მე თანავუგრძნობ უკრაინელებს. სწორედ ამიტომ მივდივართ მოსკოვში, რათა ეს ყველაფერი დავასრულოთ. დადგა დრო, რომ ეს დავასრულოთ და ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - აღნიშნა უიტკოფმა.
მან ასევე ისაუბრა უკრაინულ საქონელზე აშშ-ის ტარიფების გაუქმების და სამრეწველო კომპანიების უკრაინაში გადატანის ხელშეწყობის შესაძლებლობაზე.
უიტკოფმა განაცხადა, რომ 22 იანვრის საღამოს მოსკოვში გაემგზავრება. შემდეგ ის აბუ-დაბიში გაფრინდება, სადაც სამუშაო ჯგუფის შეხვედრები გაიმართება.
ერთი დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვში შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფს და დონალდ ტრამპის სიძეს ჯარედ კუშნერს, რათა გაგრძელდეს დიალოგი უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებაზე, ასევე განიხილონ ტრამპის მიერ შეთავაზებული „მშვიდობის საბჭოს“ ინიციატივა.
აღსანიშნავია, რომ დღეს, 22 იანვარს, დავოსში ერთმანეთს შეხვდებიან აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებიც.