უიტკოფი ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს შეხვდება
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი, ასევე ტრამპის მრჩეველი ჯარედ კუშნერი დასვენების დღეებში უკრაინის პრეზიდენტსა და ევროპელ ლიდერებს ბერლინში შეხვდებიან.
შეხვედრები, სავარაუდოდ, 14 და 15 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
უიტკოფს შეხვდებიან გერმანიის კანცლერი მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სტარმერი და სხვა ქვეყნების ლიდერები. თავდაპირველად იგეგმებოდა ევროპელი ლიდერების შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან. მოლაპარაკების ჩატარება პარიზში იგეგმებოდა.
12 დეკემბერს თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი მოლაპარაკებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ გაჩნდება სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის რეალური შანსი და შეხვედრაზე დახარჯულ დროს აზრი ექნება.