Loading data...
უიტკოფი: შეთანხმება არ იქნება, თუ უკრაინა და მისი ხალხი არ დაიჯერებს, რომ მათ შეეძლებათ მშვიდობიანად ცხოვრება, ეს უნდა იყოს საბოლოო შედეგი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა პირობა დადო, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი არ მოეწერება იქამდე, ვიდრე უკრაინელები არ დარწმუნდებიან, რომ მოსკოვი მათ წინააღმდეგ იარაღს აღარ აღმართავს. ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი წერს. 

„შეთანხმება არ იქნება, თუ უკრაინა და მისი ხალხი არ დაიჯერებს, რომ მათ შეეძლებათ მშვიდობიანად ცხოვრება, თუ დიპლომატიური გადაწყვეტა იქნება. ეს უნდა იყოს საბოლოო შედეგი - რეალობა, რომ მშვიდობა არსებობს. მე მჯერა, რომ ამისთვის შეერთებული შტატების მხრიდან უსაფრთხოების ძლიერი პროტოკოლები იქნება საჭირო, რომლებსაც ევროპის მხრიდან უსაფრთხოების ძლიერი პროტოკოლები დაუჭერს მხარს. და ჟენევაში პირველ შეხვედრაზე ჩვენ დავისახეთ მიზანი - დიდხანს ვიმუშავეთ - ამის დამკვიდრება“, - განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ჟენევაში უკრაინის დელეგაციას კვლავ შეხვდნენ.

„მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად, ჩვენ ყურადღებით შევიმუშავებთ კეთილდღეობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა პაკეტს: უკრაინის ეკონომიკური მხარდაჭერისა და აღდგენის მექანიზმებს, ინვესტიციების მოზიდვის ინსტრუმენტებს და გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩარჩოს“, - განაცხადა უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსეტმ უმეროვმა. 

უმეროვის თქმით, გუნდები ასევე „შეათანხმებენ პოზიციებს“ რუსეთთან ახალი მოლაპარაკებების წინ, რაც მოიცავს სამხედრო ტყვეების „შესაძლო გაცვლის საკითხს“.

„ჩვენ ველით კონკრეტულ შედეგებს ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებასთან დაკავშირებით. ჩვენ ორიენტირებულები ვართ პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე“, - განაცხადა უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა.

ამასთან, უიტკოფმა აღნიშნა, რომ მას „მტკიცედ“ სჯერა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა შესაძლებელია - გარღვევა, რომელიც კონფლიქტის მოგვარებისკენ გადადგმული ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ოთხ წელზე მეტი ხნის წინ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. მან განმარტა:

„ვფიქრობთ, რომ ვეცადეთ, ჯერ სხვა საკითხები გადაგვეჭრა და შემდეგ ტერიტორიული საკითხი ლიდერებისთვის დაგვეტოვებინა. ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი - ჩვენ უნდა განვიხილოთ სხვადასხვა კონცეფცია და მრავალი ვარიანტი“.

უიტკოფის თქმით, თუ სამიტი შედგება, შესაძლოა, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართოს, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპიც დაესწრება, თუმცა ელჩმა დასძინა, რომ ამ შესაძლებლობაზე საუბარი „ნაადრევია“.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დაგეხმაროთ სწორი გადაწყვეტის, სწორი მშვიდობიანი გადაწყვეტის პოვნაში, რათა ერთ დღეს თქვენს ქვეყანაში ყველამ მშვიდობიანად იცხოვროს“, - განაცხადა ტრამპის სპეცწარმომადგენელმა.