Loading data...
უიტკოფი რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებზე: ორივე მხარე დაიღალა, იმედი მაქვს, გარდამტეხი მომენტის დასაწყისში ვართ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის განცხადებით, იმედი აქვს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გადასაჭრელად გარდამტეხი მომენტი ახლოვდება. აღნიშნულის შესახებ მან CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

უიტკოფმა დაადასტურა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები მომავალი კვირისთვის გადაიდება და დასძინა, რომ „ეს ომი უნდა დასრულდეს“.

ამავდროულად, მან პირდაპირ არ უპასუხა კითხვას რუსეთსა და უკრაინას შორის წელს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობის შესახებ.

„პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით აგვარებს სხვადასხვა საკითხს. ამ კონკრეტულ ვითარებაში, როგორც მან უკვე თქვა, ამას უფრო მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ეგონა. მაგრამ ჩვენ ვხედავთ ნიშნებს, რომ ორივე მხარე უკვე დაიღალა და იმედი მაქვს, გარდამტეხი მომენტის დასაწყისში ვართ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენლმა.