Loading data...
უიტკოფი: ალასკაში გამართული შეხვედრის დროს პუტინი დათანხმდა, რომ აშშ-მა უზრუნველყოს უკრაინა უსაფრთხოების მყარი გარანტიებით

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ ალასკაში გამართული შეხვედრის დროს პუტინი დათანხმდა, რომ აშშ უზრუნველყოფს უკრაინას უსაფრთხოების მყარი გარანტიებით, რასაც უიტკოფი აფასებს, როგორც „გარდამტეხს“.

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს აღწერს, როგორც ნატოს წესდების „მე-5 მუხლის მსგავსს“, რომელიც კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს ალიანსის რომელიმე წევრზე თავდასხმის შემთხვევაში.

„ჩვენ მივედით შეთანხმებამდე, რომ შეერთებულ შტატებს და სხვა ევროპულ ქვეყნებს შეუძლიათ, ეფექტიანად შესთავაზონ მეხუთე მუხლის მსგავსი ფორმულირება უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად“, - აცხადებს დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი.

სტივ უიტკოფის განცხადებით, პუტინმა განაცხადა, რომ მისთვის წითელი ხაზი ნატოს გაფართოებაა.

როგორც მან აღნიშნა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსული მხარე სამშვიდობო შეთანხმებაში მსგავსი დებულების შეტანას დათანხმდა.

სტივ უიტკოფის შეფასებით, ალასკის სამიტზე მიღწეული იყო მნიშვნელოვანი პროგრესი.

როგორც აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინი ტერიტორიულ მოთხოვნებთან დაკავშირებით გარკვეულ დათმობებზე წავიდა.

მას დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთი ახლა განიხილავს „ტერიტორიების გაცვლას“ ფრონტის ამჟამინდელ ხაზებზე და არა ადმინისტრაციულ საზღვრებზე ხუთი რეგიონიდან სულ მცირე ზოგიერთში.

ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ ზოგიერთი გადაწყვეტილების იქვე მიღებას“, - განაცხადა უიტკოფმა.

მან განაცხადა, რომ რუსეთის პოზიცია შეცვლილი იყო წინა მოლაპარაკებების შემდეგ, თუმცა კვლავ არ იყო საკმარისი სრული სამშვიდობო შეთანხმებისთვის.

„ეს მნიშვნელოვანია, თუმცა არ ნიშნავს, რომ საკმარისია. საქმე ისაა, რომ ჩვენ ვხედავთ, დაიწყო გარკვეული ზომიერება მათ მიდგომაში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხედავენ საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებას“, – თქვა უიტკოფმა.

ამასთან, მან დასძინა, რომ „ჩვენ ვაპირებთ, ძალიან, ძალიან სწრაფად მივაღწიოთ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც სამუდამოდ დაასრულებს საბრძოლო მოქმედებებს“.