Loading data...
ტუსკი: თუ კრემლი ნატოს რომელიმე ქვეყანას თავს დაესხმება, დიდი ბრიტანეთიც დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ თუ კრემლი ნატოს რომელიმე ქვეყანას თავს დაესხმება, გაერთიანებული სამეფოც დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება. მან აღიარა, რომ „შოკირებულია“ ბრიტანული საზოგადოების ეროვნული უსაფრთხოების საკითხებისადმი გულგრილობით.

The Times-თან ინტერვიუში ტუსკმა ბრიტანელი ხალხი გააფრთხილა, რომ დროა, ნატოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის შემთხვევაში, უსაფრთხოების „ტკბილ ილუზიას“ თავი დააღწიონ.

მან გაიხსენა, რომ კიევში ვიზიტის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა მას ლონდონში მისი სახლისთვის ცეცხლის წაკიდების შესახებ აცნობა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსული დაზვერვის მიერ იყო ორგანიზებული.

ჩემთვის გასაკვირი იყო, რომ დიდ ბრიტანეთში ამით არავინ იყო შოკირებული. რეაქცია ისეთი იყო, თითქოს „არსენალ-ლივერპულის“ საფეხბურთო მატჩზე ვსაუბრობდით. მაგრამ, თუ რუსებს შეუძლიათ მსგავსი რამის ორგანიზება, მაშინ მათ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ თუ რუსეთი ბელარუსში, ან კალინინგრადში ახალ ჰიპერბგერით რაკეტებს, „ორეშნიკს“, განათავსებს, მოსკოვს შეეძლება, ბირთვული დარტყმა განახორციელოს ნებისმიერ ევროპულ დედაქალაქზე, მათ შორის ლონდონზე, 3200 კმ-მდე რადიუსში.

მისი თქმით, საფრთხე გლობალური და უნივერსალურია, რაც, პირველ რიგში, ტექნოლოგიების გამოა.

„ჩვენ ყველანი უკვე მასშტაბური კიბერშეტევის ქვეშ ვართ. პოლონეთში ისინი მზად არიან, გაანადგურონ ინფრასტრუქტურა - რკინიგზა, საავადმყოფოები. ეს შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს. ამიტომ არ შეიძლება იმ ილუზიით ცხოვრება, რომ „ძალიან შორს ხარ და ეს შენი ომი არ არის“, - აღნიშნა ტუსკმა.