ტუსკი: რუსეთს არ შეუძლია, ევროპასა და უკრაინას საკუთარი პირობები თავს მოახვიოს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ რუსეთს არ შეუძლია, უკრაინასა და ევროპას საკუთარი პირობები თავს მოახვიოს, თუმცა აღნიშნა, რომ „აშშ-ის სამშვიდობო წინადადება ერთობლივ მუშაობას მოითხოვს“. ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
ტუსკის თქმით, საუბრისას ზელენსკიმ აშშ-ის სამშვიდობო წინადადებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოთქვა.
„ეს ერთობლივ მუშაობას მოითხოვს. რუსეთს არ შეუძლია, უკრაინასა და ევროპას საკუთარი პირობები თავს მოახვიოს. ყველაფერი, რაც პოლონეთს ეხება, პოლონეთის მთავრობასთან უნდა შეთანხმდეს“, - დაწერა ტუსკმა, რითაც მიანიშნა ტრამპის 28-პუნქტიან „სამშვიდობო გეგმაში“ მისი ქვეყნის ხსენებით გამოწვეულ უკმაყოფილებაზე.
ტუსკთან საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტმაც.
„ჩვენი დიპლომატიური მუშაობის დეტალები გავუზიარე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტნიორი, რომელიც ამ ომის დაწყებიდან ჩვენთან იყო, ინფორმირებული იყოს სიტუაციის შესახებ. ჩვენ ვახდენთ ძალისხმევის კოორდინაციას, რათა უზრუნველვყოთ ევროპის ჩართვა პროცესში. მადლობა პრემიერ-მინისტრს და მთელ პოლონელ ხალხს მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვიცით, რომ ყოველთვის შეგვიძლია პოლონეთზე დაყრდნობა და ამას ძალიან ვაფასებთ“, - დაწერა ზელენსკიმ.