ტუსკი: რუსეთი შესაძლოა ნატოს ქვეყნებს უახლოეს თვეებში დაესხას თავს, მინდა მჯეროდეს, რომ მე-5 მუხლი კვლავ ძალაშია, მაგრამ ზოგჯერ, რა თქმა უნდა, კითხვები მიჩნდება
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია, მოკლევადიან პერსპექტივაში ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა განახორციელოს. მისი თქმით, ეს თვეების საკითხია და არა წლების.
ამავდროულად, ტუსკმა შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, მზად არის თუ არა შეერთებული შტატები, ასეთი თავდასხმის შემთხვევაში, ევროპის დასაცავად ნატოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.
„მთელი აღმოსავლეთ ფლანგისთვის, ჩემი მეზობლებისთვის... კითხვა ისმის, არის თუ არა ნატო კვლავ ორგანიზაცია, რომელიც მზადაა პოლიტიკურად და ლოგისტიკურად, უპასუხოს, მაგალითად, რუსეთს, თუ ის თავდასხმას შეეცდება“, - განაცხადა მან Financial Times-თან ინტერვიუში.
ტუსკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი სიტყვები არ უნდა იყოს აღქმული, როგორც „სკეპტიციზმი ნატოს მე-5 მუხლის მიმართ“, არამედ როგორც „იმედი, რომ ქაღალდზე დადებული გარანტიები ძალიან პრაქტიკულ რამედ გადაიქცევა“.
„ეს მართლაც სერიოზულია. მე ვსაუბრობ მოკლევადიან პერსპექტივაზე, თვეებზე და არა წლებზე“, - განაცხადა ტუსკმა რუსეთის პოტენციურ თავდასხმაზე საუბრისას.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მას „არ აქვს კომპლექსები“ აშშ-პოლონეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა პრობლემა იმაში მდგომარეობს, თუ როგორ განვითარდება ეს კავშირები პრაქტიკული საფრთხის შემთხვევაში.
„მინდა, მჯეროდეს, რომ [მე-5 მუხლი] კვლავ ძალაშია, მაგრამ ზოგჯერ, რა თქმა უნდა, კითხვები მიჩნდება. არ მინდა, ასეთი პესიმისტი ვიყო... მაგრამ დღეს ჩვენ ასევე გვჭირდება პრაქტიკული კონტექსტი“, - დასძინა მან.
ტუსკმა მაგალითად მოიყვანა, თუ როგორ დაარღვია დაახლოებით 20-მა რუსულმა დრონმა პოლონეთის საჰაერო სივრცე გასულ წელს და თუ როგორ ერიდებოდა ნატოს ზოგიერთი მოკავშირე, ეს თავდასხმად აღექვა.
„პრობლემები შემექმნა სექტემბრის ღამეს, როდესაც რუსებმა ეს საკმაოდ მასშტაბური პროვოკაცია დრონების გამოყენებით განახორციელეს. გამიჭირდა ჩვენი ნატოელი პარტნიორების დარწმუნება, რომ ეს შემთხვევითი ინციდენტი არ იყო, არამედ პოლონეთის წინააღმდეგ კარგად დაგეგმილი და მომზადებული პროვოკაცია“, - გაიხსენა მან.
თუმცა, მან დასძინა, რომ ნატოს ზოგიერთი მოკავშირისთვის „ბევრად უფრო ადვილი იყო იმის წარმოჩენა, თითქოს არაფერი მომხდარა“.
„ამიტომ მინდა, დარწმუნებული ვიყო, რომ თუ რამე მოხდება, მაშინ... რუსეთს ეცოდინება, რომ რეაქცია მკაცრი და ცალსახა იქნება“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
ტუსკის თქმით, იმისათვის, რომ ევროპამ შეძლოს ამ თავდასხმის მოგერიება, საჭიროა რეალური ინსტრუმენტები და რეალური ძალაუფლება თავდაცვის აქტივებისა და ქვეყნებს შორის შეიარაღებული ძალების მობილურობის თვალსაზრისით.
„პარადოქსულია, მაგრამ თუ უკრაინის ომს რაიმე დადებითი ასპექტი აქვს, ეს ერთ-ერთი მათგანია: ევროპა სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ ჩვენ ერთად ვიქნებით სამხედრო ასპექტებში [და] თავდაცვაში“, - დასძინა მან.