ტუსკი: მომავალში პოლონეთზე თავდასხმის ნებისმიერ მცდელობას ადეკვატური პასუხი მოჰყვება

მომავალში პოლონეთზე თავდასხმის ნებისმიერ მცდელობას ადეკვატური პასუხი მოჰყვება. ეს განცხადება პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა გააკეთა, წერს tvp.info.
„ყველა, ვინც პოლონეთზე თავდასხმას მოისურვებს, სათანადოდ დაისჯება, როგორც ეს 10 სექტემბრის ღამეს მოხდა“, - განაცხადა მან ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ.
პოლონეთის მთავრობის მეთაურმა დასძინა, რომ ვარშავა ყურადღებით დააკვირდება „აღმოსავლეთ საზღვარზე მიმდინარე მოვლენებს“, რომლებიც რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივ წვრთნებს - „ზაპად 2025“-ს უკავშირდება.
„არაფერი დაგვრჩება ყურადღების მიღმა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაცნობებთ ჩვენს მოკავშირეებს“, - ხაზგასმით აღნიშნა ტუსკმა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთის ხელისუფლება აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ამ პროვოკაციის უკან რუსეთი დგას. ამავდროულად, ვარშავა უარყოფს ყველა მანიპულაციას იმის შესახებ, რომ პოლონეთზე თავდასხმის უკან უკრაინა დგას.
„პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.