Loading data...
ტუსკი აცხადებს, რომ პოლონეთი ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ახლო აღმოსავლეთში ჯარებს არ გაგზავნის

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახლო აღმოსავლეთში ჯარებს არ განალაგებს. ამის შესახებ ტუსკმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ტუსკმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოკავშირეებს მოუწოდა, ჰორმუზის სრუტეში გემების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფაში აშშ-ს დაეხმარონ.

„პოლონეთი ირანში თავის ჯარებს არ გაგზავნის. ჩვენ ნატოს ფარგლებში სხვა ამოცანები გვაქვს და ჩვენი მოკავშირეები ამას კარგად ხვდებიან“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

მან დასძინა, რომ პოლონეთის საზღვაო შესაძლებლობები ბალტიის ზღვის უსაფრთხოებას უნდა ემსახურებოდეს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობა ირანის მიმართულებით რაიმე ექსპედიციას არ გეგმავს.