Loading data...
ტუსკი აშშ-ის პრეზიდენტს: თანამშრომლობა უკეთესია, ვიდრე კონფრონტაცია

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა შეერთებულ შტატებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა, როდესაც ვაშინგტონი ევროკავშირიდან შემოსულ საქონელზე ტარიფების დაწესებას გეგმავს.

ტუსკმა აღნიშნა, რომ პოლონეთმა შეერთებულ შტატებთან თავდაცვის ხელშეკრულება გააფორმა.

„ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 5%-ს ვხარჯავთ თავდაცვაზე. აშშ-თან თანამშრომლობით ვაშენებთ ევროპაში თანამედროვე და უდიდეს არმიას ჩვენი საზღვრების, ასევე, ჩვენი საერთო ღირებულებებისა და ინტერესების დასაცავად“, - დასძინა პრემიერმა.

მისი თქმით, აშშ-ს ყოველთვის შეუძლია პოლონეთის იმედი ჰქონდეს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამშრომლობა ყოველთვის უკეთესია, ვიდრე კონფრონტაცია.

„ჩვენი საერთო ევროპულ-ამერიკული ინტერესები ძლიერი შეერთებული შტატები, ძლიერი ევროკავშირი და ძლიერი ნატოა და არა სუსტი. დაფიქრდით ამაზე, ბატონო პრეზიდენტო (დონალდ ტრამპი) და ძვირფასო ამერიკელო მეგობრებო, სანამ გადაწყვეტთ ტარიფების დაწესებას თქვენი უახლოესი მოკავშირეების წინააღმდეგ. თანამშრომლობა ყოველთვის უკეთესია, ვიდრე კონფრონტაცია“, - დასძინა მან.