თურქეთში ISIS-ის წევრებთან შეტაკებებისას სამი პოლიციელი და „ისლამური სახელმწიფოს“ ექვსი მებრძოლი დაიღუპა
29 დეკემბრის დილას თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში მომხდარი სროლის შედეგად სამი თურქი პოლიციელი და „ისლამური სახელმწიფოს“ ექვსი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ განაცხადა, იუწყება Reuters-ი.
როგორც იერლიკაიამ აღნიშნა, სტამბოლის სამხრეთით, მარმარილოს ზღვის სანაპიროზე, იალოვას ქალაქში მდებარე ერთ-ერთ სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ იქ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები იმალებოდნენ. რეიდის დროს რვა პოლიციელი და უსაფრთხოების ძალების ერთი წევრი დაიჭრა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სროლის დროს დაღუპული მებრძოლები თურქეთის მოქალაქეები არიან და რომ ტერიტორიიდან ხუთი ქალი და ექვსი ბავშვი ცოცხლები გამოიყვანეს.
იერლიკაიას ცნობითვე, 29 დეკემბრის დილას მთელი ქვეყნის მასშტაბით 15 პროვინციის 108 სხვადასხვა მისამართზე ჩატარდა სპეცოპერაცია.
აღსანიშნავია, რომ ინციდენტს წინ უძღოდა გასულ კვირას „ისლამური სახელმწიფოს“ 115 სავარაუდო მებრძოლის დაკავება, რომლებიც შობისა და ახალი წლის დღესასწაულებზე ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ.