Loading data...
თურქეთის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ადგილობრივი გაზეთის წინააღმდეგ, რომელმაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო წარწერით - „ერდოღანი გარდაიცვალა“

ერდოღანი

თურქეთის აიდინის პროვინციაში პროკურორებმა გამოძიება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ადგილობრივმა გაზეთმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ტექსტი „ერდოღანი გარდაიცვალა“.

25 აგვისტოს გაზეთ Denge Gazetesi-ის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო შავ ფონზე, ყვითელი და თეთრი წარწერით - „Erdoğan Vefat Etti“ - „ერდოღანი გარდაიცვალა“.

ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გაზეთის ვებსაიტზე განთავსებული სიახლე სინამდვილეში მოქალაქე გულშენ ერდოღანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ეხებოდა.

აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შემდეგ აიდინის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 217/A მუხლით - „საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება“.

გამოძიების ფარგლებში, გაიცა განკარგულება გაზეთის წარმომადგენლის, პასუხისმგებელი რედაქტორისა და მასალის ავტორი ჟურნალისტის დაკავების შესახებ.

თავად პუბლიკაცია ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ საუბარი იყო თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის გარდაცვალებაზე, თუმცა სინამდვილეში ინფორმაცია ეხებოდა იმავე გვარის მქონე სხვა პირს.