თურქული მხარე: ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია ერდოღანის წინააღმდეგ განცხადებებით პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევას ცდილობს
თურქეთის ხელისუფლება ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ანკარაში აცხადებენ, რომ ისრაელის მთავრობის განცხადებები ისტორიულ ფაქტებს მოკლებულია და ეს არის ბენიამინ ნეთანიაჰუსა მიერ განხორციელებული „იაფფასიანი პოლიტიკური მანევრი“.
მათი შეფასებით, ნეთანიაჰუსა და მისი გარემოცვის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას ემსახურება.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის მხრიდან მსგავსი რიტორიკა ასევე დაკავშირებულია შიდა პოლიტიკურ პროცესებთან და საარჩევნო უპირატესობის მოპოვების მცდელობასთან.
„ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის მცდელობა, თურქეთი ახალ საფრთხედ წარმოაჩინოს, სწორედ ამ იაფფასიანი პოლიტიკის ნაწილია. მუქარის მსგავსი პოლიტიკა და დაძაბულობის ესკალაცია, რომელსაც შიდაპოლიტიკური მეტოქეობის გამო მიმართავენ, სერიოზულ რისკებს შეიცავს არა მხოლოდ ისრაელის საზოგადოებისთვის, არამედ რეგიონული და გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვისაც“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანა მომავალშიც გააგრძელებს ჩაგრულთა მხარდაჭერას და რეგიონში მშვიდობის, სამართლიანობისა და სტაბილურობის დაცვას.
The outrageous ravings of the Israeli Prime Minister’s Office targeting our President Recep Tayyip Erdoğan, devoid of historical fact and political seriousness, are yet another indication of the helplessness of an administration seeking to evade accountability for war crimes and…
— Republic of Türkiye Directorate of Communications (@Communications) August 21, 2026