Loading data...
თურქეთში ტყის ხანძრებთან დაკავშირებით 23 ადამიანი დააკავეს

თურქეთში ტყის ხანძრების სერიასთან დაკავშირებით ორ ათეულზე მეტი ეჭვმიტანილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას Turkish Minute ავრცელებს.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში ივლისში ტყის ხანძრებთან დაკავშირებით 23 ადამიანი დააკავეს. მათგან ოთხს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, დანარჩენები კი სასამართლოს მეთვალყურეობის ქვეშ გაათავისუფლეს.

მინისტრის თქმით, ივლისში 60-ზე მეტი ხანძრიდან ბევრი ადამიანის დაუდევრობით, ან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ნაპერწკლებით იყო გამოწვეული.

ამ ეტაპზე ქვეყნის ჩრდილოეთით კიდევ რამდენიმე მასშტაბური ტყის ხანძრის ჩაქრობა გრძელდება. დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. 

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საზოგადოებას მოუწოდა, გვალვისა და სიცხის პირობებში თავი აარიდონ ისეთ საქმიანობას, რამაც შეიძლება, ახალი ხანძარი გამოიწვიოს.

ამ კვირაში თურქეთში სიცხე გაძლიერდება, დღისით ტემპერატურამ შესაძლოა, 40-45°C-ს მიაღწიოს.