Loading data...
თურქეთში რუსი ქალი დააკავეს, რომელმაც ახალშობილი შვილი ანტალიის აეროპორტში დატოვა

თურქეთის ხელისუფლებამ დააკავა რუსი ქალი , რომელმაც ახალშობილი შვილი ანტალიის აეროპორტში დატოვა. 

როგორც TASS-ი იტყობინება, ქალის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 

„გენერალურ საკონსულოში მიღებული ინფორმაციის თანახმად, ანტალიაში დააკავეს 2006 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე, რომელმაც 13 ოქტომბერს ადგილობრივ აეროპორტში გააჩინა ბავშვი და დატოვა შენობაში, შემდეგ კი რუსეთში გაფრენას აპირებდა.

მას შემდეგ, რაც ბავშვი აეროპორტის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რუსი ქალი და მისი დედა დააკავეს ადგილობრივმა კომპეტენტურმა სამსახურებმა და აღიძრა სისხლის სამართლის საქმე“, - ნათქვამია დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ახალშობილი და დედამისი ანტალიის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან.

„მათ იქ გენერალური საკონსულოს თანამშრომელი ეწვია. ისინი იღებენ აუცილებელ დახმარებას, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, - აცხადებენ საკონსულოში.