Loading data...
თურქეთში Deutsche Welle-ს ჟურნალისტი დააკავეს

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში Deutsche Welle-ს თურქული რედაქციის ჟურნალისტი ალიჯან ულუდაგი დააკავეს. ის დაადანაშაულეს პრეზიდენტის საჯარო შეურაცხყოფაში, ასევე ისეთი ინფორმაციის საჯარო გავრცელებაში, რომელსაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. ინფორმაცია სტამბოლის პროკურატურამ გაავრცელა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

საუბარი შეეხება სოციალურ ქსელ X-ში წელიწად-ნახევრის წინ ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ პოსტს, რომელშიც ის თურქეთის ხელისუფლებას „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ ციხიდან გათავისუფლებისთვის აკრიტიკებს, ასევე ულუდაგმა თურქეთის ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა.

DW-ს გენერალურმა დირექტორმა ბარბარა მასინგმა თურქეთის ხელისუფლების ბრალდებას ჟურნალისტის მიმართ უსაფუძვლო უწოდა.

„ალიჯან ულუდაგი - ცნობილი ჟურნალისტი-გამომძიებელია, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, კორუფციის ფაქტებს იძიებს და მას ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროებზე წვდომა აქვს“, - განაცხადა ბარბარა მასინგმა.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ რეპორტიორი ერთბაშად 30-მა პოლიციელმა დააკავა და ის სტამბოლში წაიყვანეს, „მიზანმიმართულ დაშინებაზე მეტყველებს და აჩვენებს, თუ რამდენად მასშტაბურად ახშობს მთავრობა პრესის თავისუფლებას“.

უფლებადამცველი ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს მიღმა“ ულუდაგის დაკავებას თურქეთში „ავტორიტეტული ჟურნალისტების სამართლებრივი დევნის ნაწილად“ აფასებს.

ალიჯან ულუდაგმა ჟურნალისტური კარიერა 2008 წელს დაიწყო, როდესაც გაზეთ Cumhuriyet-ში მუშაობდა. ის მრავალი ჟურნალისტური პრემიის ლაურეატია.