თურქეთისა და ირანის ლიდერებმა, სატელეფონო საუბრით, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშქიანმა სატელეფონო საუბრისას აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის ორკვირიანი შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მხარე ავრცელებს.
სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა პეზეშქიანს განუცხადა, რომ ირანსა და ვაშინგტონს შორის მომავალი მოლაპარაკებები გამოყენებული უნდა იყოს მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
თურქეთის კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადების თანახმად, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთმა, სხვა დაინტერესებულ ქვეყნებთან ერთად, „ინტენსიური ძალისხმევა“ გასწია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის პროცესში.
ერდოღანმა ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესის „საბოტაჟის“ მსურველთათვის შესაძლებლობის არმიცემის მნიშვნელობას და გამოთქვა მზადყოფნა, „ყველა შესაძლო მხარდაჭერა გასწიოს ახალ ფაზაში“.