თურქეთის სანაპიროსთან რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ორი ტანკერი იწვის - მიმდინარეობს ბორტზე მყოფი 25 პირის ევაკუაცია
შავ ზღვაში, თურქეთის სრუტესთან ახლოს, რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ორი ტანკერი იწვის . ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, ნაღმზე აფეთქდა.
რუსული გამოცემა „იზვესტია“ თურქეთის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ ტანკერ „კაიროსზე“ აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც გემზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
მათივე ცნობით, მიმდინარეობს ბორტზე მყოფი 25 პირის ევაკუაციის ოპერაცია. ტანკერი ნოვოროსიისკის პორტისკენ მიცურავდა.
სავარაუდოდ, გემის ეკიპაჟი ძირითადად ჩინელებისგან შედგებოდა, ბორტზე რუსები არ იმყოფებოდნენ.
ცოტა მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან, რუსული ნავთობის გადამტანი ტანკერი VIRAT იწვის.
„ინციდენტის მიზეზი ჩვენთვის უცნობია. არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ავარიის მიზეზი შეჯახება ან, შესაძლოა, აფეთქება გახდა“, - განაცხადეს თურქმა ოფიციალურმა პირებმა.
„როიტერის“ ცნობით, ორივე ტანკერი სანქციების სიაშია.