თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ევროპამ უკრაინას რთული არჩევანის გაკეთებაში უნდა დაეხმაროს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ ევროპა უკრაინას რთული არჩევანის გაკეთებაში უნდა დაეხმაროს. ინფორმაციას უკრაინული მედია CNN Turk-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, განსაკუთრებით რთულია ტერიტორიების საკითხი.
„ევროპა უკრაინას უნდა დაეხმაროს გარკვეული რთული არჩევანის გაკეთებაში. მაგრამ უფრო დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, ანუ უფრო დიდი სიკეთისთვის, აუცილებელია ბოროტების, ანუ ცუდის აღმოფხვრა... ამიტომ, აუცილებელია არჩევანის გაკეთება. ვიცი, რომ მათთვის ეს რთულია. მიწის საკითხი განსაკუთრებით წარმოუდგენლად რთულია“, - აღნიშნა ფიდანმა.
მან დასძინა, რომ უსაფრთხოების გარანტიებზე მოთხოვნები კვლავ არსებობს.
მისი თქმით, თურქეთი აგრძელებს ორ მხარეს შორის მოლაპარაკებების ხელშეწყობას.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, ასევე, აღნიშნა, რომ სტამბოლი მზადაა კვლავ უმასპინძლოს მოლაპარაკებებს.
ფიდანმა განაცხადა, რომ პატიმრების გაცვლისა და სხვა ჰუმანიტარული საკითხების შესახებ მოლაპარაკებებში მიღწეულმა პროგრესმა საფუძველი ჩაუყარა დღევანდელ მოლაპარაკებებს. მან გააფრთხილა, რომ ომი უკვე გავრცელდა შავ ზღვაზე და შესაძლოა, გავრცელდეს ევროპის სხვა ნაწილებში, ამიტომ მოუწოდა მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ომი.
„შეხედეთ, შავი ზღვა ახლა საომარი ზონის გაგრძელებად იქცა. ომი შავ ზღვაზე გავრცელდა. ამჟამად ისინი შავ ზღვაში სავაჭრო გემებსა და ტანკერებს ესხმიან თავს. ამიტომ, თუ ომი გაგრძელდება, ის სხვა ადგილებში, ევროპის სხვა ნაწილებში გავრცელდება. ეს ახლავე უნდა შეწყდეს“, - დასძინა ფიდანმა.