თურქეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა
სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში 14 წლის მოსწავლემ ცეცხლი გახსნა, რასაც სულ მცირე ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მისი რვა თანაკლასელი, 13 ადამიანი კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ეს ქვეყანაში ბოლო ორი დღის განმავლობაში სკოლაში სროლის მეორე შემთხვევაა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მუსტაფა ჩიფტჩიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქაჰრამანმარაშის პროვინციაში მომხდარი თავდასხმის შედეგად რვა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი დაიღუპა და დასძინა, რომ დაჭრილებიდან ექვსი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
„ეს იყო პირადი თავდასხმა, რომელიც ჩვენმა ერთ-ერთმა მოსწავლემ განახორციელა, ეს არ არის ტერორისტული ინციდენტი“, - განაცხადა ჩიფტჩიმ.
მანამდე ქაჰრამანმარაშის გუბერნატორმა მიუქერემ უნლუერმა განაცხადა, რომ მსროლელმა არეულობის დროს თავი მოიკლა.
„მერვე კლასის მოსწავლე ჩანთაში ხუთი იარაღითა და შვიდი მჭიდით შემოვიდა, რომლებიც, ჩვენი აზრით, მის მამას, ყოფილ პოლიციელს ეკუთვნოდა, შევიდა ორ საკლასო ოთახში, სადაც მეხუთე კლასის მოსწავლეები იყვნენ, განურჩევლად მიაყენა მათ სასიკვდილო ჭრილობები და დაზიანებები“, - აღნიშნა უნლუერმა.
თურქეთში მეხუთე კლასის მოსწავლეები, როგორც წესი, 10 და 11 წლისები არიან.
თურქეთში სკოლებში სროლები ძალიან იშვიათია. როდესაც რეპორტიორებმა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს ჰკითხეს, მიიღებს თუ არა ხელისუფლება რაიმე ზომებს ამ კვირაში მომხდარი სროლების შემდეგ, ჩიფტჩიმ უპასუხა: „ჩვენ მივიღებთ საჭირო ზომებს“, თუმცა დეტალები არ გაამხილა.
ტელეარხ NTV-ის ცნობით, მსროლელის მამა დაკავებულია.
თურქეთში იარაღის შესახებ კანონები ზოგადად მკაცრია, იარაღის ფლობის უფლება მხოლოდ 21 წელზე უფროსი ასაკის პირებს აქვთ, რომლებსაც შესაბამისი ლიცენზია აქვთ. თუმცა იარაღი თურქეთში ფართოდ არის გავრცელებული და უსაფრთხოების ბევრ ოფიცერს იარაღის ტარების და ფლობის უფლება აქვს.