თურქეთი, ეგვიპტე და კატარი გმობენ ისრაელის ბოლოდროინდელ დარტყმებს ღაზაზე და აცხადებენ, რომ ისინი არღვევენ ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებებს
თურქეთი, ეგვიპტე და კატარი მკაცრად გმობენ ღაზაში ისრაელის მიერ განხორციელებულ ბოლო დარტყმებს და ერთობლივ განცხადებაში აცხადებენ, რომ ეს ქმედებები არღვევს ისრაელის ვალდებულებებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში და მოუწოდებენ ისრაელს, თავი შეიკავოს ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებმაც, შესაძლოა, დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვიოს.
„შუამავალი ქვეყნები ხაზს უსვამენ, რომ ისრაელის თავდასხმები ძირს უთხრის რეგიონულ და საერთაშორისო ძალისხმევას კრიტიკულ მომენტში, რადგან ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ღაზის კონფლიქტის დასრულების ყოვლისმომცველი გეგმის განხორციელებისთვის, მათ შორის მშვიდობის საბჭოსა და ისრაელის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრის გამართვისთვის. მოლაპარაკებების პროცესში კონსტრუქციული ნაბიჯები იდგმება“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
შუამავალი ქვეყნები ერთობლივ განცხადებაში დასძენენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ და მშვიდობის საბჭომ უნდა გადადგან აუცილებელი ნაბიჯები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვის უზრუნველსაყოფად და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.
პალესტინის მედიის ცნობით, 19 აგვისტოს ღაზას სექტორზე ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით კი, საჰაერო დარტყმები „ჰამასის“ ოპერატიულ-სამხედრო ძალებსა და მეთაურებზე იყო მიმართული.