Loading data...
თურქეთი აგრძელებს ძალისხმევას, რომ უკრაინაში ომი სტაბილური მშვიდობით დასრულდეს

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო კავშირი შედგა. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სოციალური ქსელით გაავრცელა. 

სატელეფონო საუბრისას ლიდერებმა თურქეთ-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობები, უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო პროცესი, ასევე, რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს.

„თურქეთი ყურადღებით აკვირდებოდა ალასკასა და ვაშინგტონში გამართულ მოლაპარაკებებს და აგრძელებს ძალისხმევას, რომ ომი სტაბილური მშვიდობით დასრულდეს“, - წერს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია. მათი თქმით, ერდოღანი აცხადებს რომ უკრაინა-რუსეთის ომში სამართლიანი მშვიდობა შესაძლებელია და დასძენს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს.

თურქული მხარის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მზადყოფნა გამოთქვა, გააკეთოს ყველაფერი მაღალი დონის შეხვედრების რეალიზაციისთვის, რაც მშვიდობისკენ გზას გახსნის.