Loading data...
„თუ ის ჩამოვა, ეს, ალბათ, ძალიან სასარგებლო იქნება“ - ტრამპს სურს, პუტინი მაიამიში, G20-ის სამიტზე მიიწვიოს

ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ ლიდერების სამიტზე მიიწვიოს, რომელიც დეკემბერში მაიამიში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გოლფის კურორტზე გაიმართება, თუმცა მიწვევა ჯერ არ გაუგზავნიათ. ამის შესახებ The Washington Post-ი იუწყება. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ნათლად განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია „დიდი ოცეულის“ ყველა შეხვედრაში მონაწილეობის მიღება, რადგან შეერთებული შტატები წარმატებული და პროდუქტიული სამიტის ჩატარებაზეა ორიენტირებული“.

„ამ დროისთვის ოფიციალური მოწვევები არ გაცემულა, თუმცა რუსეთი „დიდი ოცეულის“ წევრია და მოიწვევენ მინისტერიალებსა და ლიდერების სამიტში მონაწილეობის მისაღებად“, - განაცხადა ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ანონიმურობის პირობით.

23 აპრილს ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინის დაპატიჟების შესახებ არაფერი იცის, თუმცა წინააღმდეგი არ იქნება.

„თუ ის ჩამოვა, ეს, ალბათ, ძალიან სასარგებლო იქნება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და მოგვიანებით დასძინა, რომ, მისი აზრით, „ჩვენ ყველასთან უნდა ვისაუბროთ“. თუმცა, მისი თქმით, ეჭვი ეპარება, რომ პუტინი მიწვევის შემთხვევაში სამიტს დაესწრება.

რუსეთი „დიდი ოცეულის“ შეხვედრებში 2019 წლიდან არ მონაწილეობს, თავდაპირველად კორონავირუსის პანდემიის, შემდეგ კი 2022 წელს უკრაინაში შეჭრისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემის გამო.

23 აპრილს რუსეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პუტინმა მიიღო მიწვევა მაიამის სამიტზე, თუმცა გაურკვეველია, დაესწრება თუ არა. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან ტელეფონით საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის „მონაწილეობის ფორმატის შესახებ გადაწყვეტილება სამიტის მოახლოებასთან ერთად მიიღება“.

რუსულ მედიასთან საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ პანკინმა აღნიშნა, რომ აშშ-მა მიწვევა „უმაღლეს დონეზე“ გაგზავნა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ღონისძიებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვეა დარჩენილი, გაურკვეველია, მიიღებენ თუ არა მას.