„თუ ამას არ გავაკეთებთ, რუსეთი ან ჩინეთი წაიღებს“ - ტრამპმა გრენლანდიასთან დაკავშირებით თავისი განზრახვები განმარტა
ჩვენ გრენლანდიასთან დაკავშირებით რაღაცას მოვიმოქმედებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას რუსეთი ან ჩინეთი მიიტაცებს და ვაშინგტონს ასეთი მეზობლები არ სურს, - ამის შესახებ ამერიკელმა ლიდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ჩვენ ვაპირებთ რაღაცის გაკეთებას გრენლანდიასთან დაკავშირებით, მოსწონთ მათ ეს თუ არა, რადგან ამას თუ არ გავაკეთებთ, რუსეთი ან ჩინეთი დაიკავებს გრენლანდიას და ჩვენ არ ვაპირებთ, რუსეთი ან ჩინეთი გვყავდეს მეზობლად.
მინდა, შეთანხმება დავდოთ მარტივი გზით, მაგრამ ამას თუ მარტივი გზით ვერ გავაკეთებთ, რთული გზით გავაკეთებთ. სხვათა შორის, მეც დანიის გულშემატკივარი ვარ. უნდა გითხრათ და იცით კიდეც, რომ ისინი ძალიან კეთილგანწყობილები იყვნენ ჩემ მიმართ. მე მათი დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ფაქტი, რომ 500 წლის წინ მათი ნავი იქ მივიდა, არ ნიშნავს, რომ მიწა მათ ეკუთვნით. დარწმუნებული ვარ, იქ ბევრი ჩვენი ნავიც წავიდა.
ჩვენ გვჭირდება გრენლანდია, რადგან ახლა თუ გრენლანდიის მიღმა გაიხედავთ, იქ ყველგან რუსული გამანადგურებლებია, რუსული წყალქვეშა ნავებია, ჩინური გამანადგურებლებია. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რუსეთმა ან ჩინეთმა მოახდინონ გრენლანდიის ოკუპაცია. ისინი სწორედ ამას იზამენ, თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ. ასე რომ, ჩვენ გრენლანდიასთან დაკავშირებით რაღაცას მოვიმოქმედებთ – ან კარგი გზით, ან უფრო რთული გზით“, - აღნიშნა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არის მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი გრენლანდიის ფლობა, ტრამპმა უპასუხა, რომ ქვეყნები იცავენ მათ საკუთრებას და არა რაიმე ხელშეკრულებებს, აშშ-ის კი მოუწევს გრენლანდიის დაცვა, რადგან რუსეთს ან ჩინეთს გრენლანდიის დაკავების უფლებას არ მისცემს.