ცნობილი რუსი მწერალი ტერორისტების და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

ცნობილი რუსი მწერალი დიმიტრი ბიკოვი რუსეთის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ტერორისტების და ექსტრემისტების სიაში შეიყვანა. მანამდე ბიკოვს რუსეთში „უცხოური აგენტის“ სტატუსი მიანიჭეს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
აგვისტოს შუა რიცხვებში ბიკოვი რუსეთში დაუსწრებლად დააპატიმრეს რუსეთის არმიაში ფეიკების გავრცელებისთვის და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.
გამოძიების ინფორმაციით, დიმიტრი ბიკოვმა უცხოური აგენტის საქმიანობა დაარღვია და შესაბამის ორგანოებს არ გადასცა ინფორმაცია, რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ასევე მან ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელიც „ცრუ ინფორმაციას შეიცავს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებაზე“.
2023 წელს ოქტომბერში ბიკოვმა YouTube-არხს, „პოპულარულ პოლიტიკას“ ინტერვიუ მისცა, სადაც საუბარი იყო რუსული ძალების მიერ ხარკოვის ოლქის დასახლების, გროზას დაბომბვაზე, რასაც 60 ადამიანი ემსხვერპლა.
დიმიტრი ბიკოვი რუსი მწერალი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი და პედაგოგი, ლიტერატურული პრემიის, „ნაციონალური ბესტსელერის“ ლაურეატია. ბიკოვი რუსეთიდან 2021 წლის შემოდგომაზე წავიდა. 2022 და 2023 წელს ნიკულინსკის რაიონის სასამართლომ ის ორჯერ დააჯარიმა სოციალურ ქსელებში პუბლიკაციისას „უცხოური აგენტის“ მარკირების არარსებობისთვის.