ცენტრალურ ისრაელზე ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა - THE TIMES OF ISRAEL

ისრაელის სამაშველო სამსახურის ცნობით, 15-16 ივნისის ღამეს ცენტრალურ ისრაელზე ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა.
არსებული ინფორმაციით, ბოლო მსხვერპლი პეტაჰ ტიკვაში დაბომბვის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში იპოვეს. იმავე ადგილას კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი მამაკაცი ბნეი ბრაკში დაიღუპა, სადაც რაკეტამ საცხოვრებელ არეალს მასშტაბური ზიანი მიაყენა.
სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, 92 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, რომელთა უმეტესობას მსუბუქი დაზიანებები აქვს.
როგორც ებრაული მედია წერს, ავიაიერიშის შედეგად დაზარალებული ოთხი ადგილიდან ორზე ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაშველები ცდილობენ ჰაიფაში, რაკეტის ჩამოვარდნის ადგილზე ჩარჩენილ სამ ადამიანამდე მიღწევას.