Loading data...
წარუმატებელი დებატების შემდეგ ბაიდენი დონორების მხარდაჭერას კარგავს - Financial Times

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი მოკავშირეები ცდილობენ, დაარწმუნონ დონორები, რომ ის დონალდ ტრამპის დამარცხებას შეძლებს, რადგან ბაიდენის წარუმატებელმა დებატებმა მის ბევრ მდიდარ მხარდამჭერს კითხვები გაუჩინა, უნდა მოხსნას თუ არა აშშ-ის პრეზიდენტმა არჩევნებიდან თავისი კანდიდატურა. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ბაიდენმა 29 ივნისს ნიუ-იორკში შეხვედრა გამართა დონორებთან, სადაც აღიარა, რომ „საუკეთესო საღამო არ ჰქონდა“ და ფონდის დონორების შეშფოთების ესმის. ამავე დროს, როგორც FT აღნიშნავს, პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ „ამომრჩეველს განსხვავებული რეაქცია ჰქონდა“ და დებატების შემდეგ გამოკითხვები რეიტინგების უმნიშვნელო ზრდაზე მიუთითებს.

„მაშინ, როდესაც ზოგიერთმა დონორმა ბაიდენის გარშემო ხალხის გაერთიანების მიზნით ძალისხმევა გააორმაგა, სხვები უფრო ფრთხილობენ. ერთ-ერთმა დემოკრატმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი მეგადონორი უოლ-სტრიტიდან აპირებს, გააგრძელოს ბაიდენის კამპანიის დაფინანსება, რათა დაარწმუნოს ის, რომ ადგილი სხვა კანდიდატისთვის გაათავისუფლოს. სხვები კი საერთოდ უარს ამბობენ შემოწირულობებზე“, - წერს გამოცემა.

ამავდროულად, პრეზიდენტის საარჩევნო შტაბში განაცხადეს, რომ ხუთშაბათიდან შემოწირულობების რეკორდული რაოდენობა შეინიშნება. 29 ივნისს შტაბის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დებატების დროიდან პარასკევის საღამომდე კამპანიამ 27 მილიონ დოლარზე მეტი მოაგროვა.

მიუხედავად ამისა, ბაიდენის დასაცავად რამდენიმე ცნობილი დემოკრატი დონორი გამოვიდა. LinkedIn-ის დამფუძნებელმა და მილიარდერმა რიდ ჰოფმანმა აღიარა, რომ პრეზიდენტმა „ძალიან ცუდად ჩაატარა დებატები“, თუმცა აღნიშნა, რომ „ცუდი იდეა“ იქნებოდა საჯარო კამპანიის წამოწყება, რათა მას გადადგომა აიძულონ.

როგორც დემოკრატების ფონდის ერთ-ერთი ორგანიზატორი ამბობს, დონორები უახლოეს დღეებში შეისწავლიან გამოკითხვის შედეგებს, რათა შემდეგი ნაბიჯები განსაზღვრონ. 

ზოგიერთი მათგანი უკვე ფიქრობს იმაზე, თუ ვის დაუჭერენ მხარს ბაიდენის გადადგომის შემთხვევაში. ყველაზე პოპულარულ სახელებს შორის არის მიჩიგანის გუბერნატორი გრეტჰენ უიტმერი. სამმა დონორმა და ორგანიზატორმა ასევე თქვა, რომ დემოკრატიული პალატის უმცირესობის ლიდერი ჰაკიმ ჯეფრისი უოლ-სტრიტის ელიტაში დიდი ინტერესით სარგებლობს.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დებატები გაიმართა. ბაიდენის წარუმატებელი დებატების შემდეგ დემოკრატებმა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბაიდენის ჩანაცვლებაზე დაიწყეს საუბარი.