Loading data...
წარმომადგენელთა პალატის იუსტიციის კომიტეტი: TikTok-მა ევროკომისიას აცნობა, რომ ვერ აღმოაჩინა მტკიცებულება გამარჯვებული კანდიდატის ჯორჯესკუს მხარდასაჭერად რუსეთთან კოორდინირებული კამპანიის შესახებ - კამპანია სხვა რუმინული პარტიის მიერ იყო დაფინანსებული

„ახალი, გამოუქვეყნებელი დოკუმენტები ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის ჩარევის შესახებ ბრალდებებს, რომლებმაც რუმინეთის სასამართლოს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმება გადააწყვეტინა“, - ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იუსტიციის კომიტეტი (რესპუბლიკელები) X-ზე წერს.

როგორც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშშია აღნიშნული, TikTok-მა ევროკომისიას აცნობა, რომ მან ვერანაირი მტკიცებულება ვერ აღმოაჩინა რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის კალინ ჯორჯესკუს მხარდასაჭერად რუსეთიდან კოორდინირებული კამპანიის შესახებ.

„TikTok-მა ევროკომისიას აცნობა, რომ რომ მან ვერ აღმოაჩინა ვერანაირი მტკიცებულება რუსეთთან კოორდინირებული კამპანიის შესახებ, რომელიც გამარჯვებული კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს მხარდაჭერას ისახავდა მიზნად - ეს იყო რუმინეთის ხელისუფლების მიერ წამოყენებული მთავარი ბრალდება - და ამ დასკვნის შესახებ ხელისუფლებასაც შეატყობინა.

ამის შემდეგ, საჯარო გამოძიებებმა აჩვენა, რომ ე.წ. რუსული TikTok-კამპანია, სინამდვილეში დაფინანსებული იყო სხვა რუმინული პოლიტიკური პარტიის მიერ“, - აღნიშნავს წარმომადგენელთა პალატის იუსტიციის კომიტეტი (რესპუბლიკელები).

როგორც ცნობილია, ანგარიშში, სათაურით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II, ევროპის ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურის მიმართულებით და როგორ აზიანებს ის ამერიკელების გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“, ასევე საუბარია ევროკომისიის მიერ განხორციელებულ ზეწოლაზე, რათა, რამდენიმე ქვეყანაში, პლატფორმებს არჩევნების წინ მკაცრი ცენზურა დაეწესებინათ კონტენტზე.

„2023-დან 2025 წლამდე ევროკომისია ჩართული იყო პლატფორმებთან და მათზე ზეწოლას ახდენდა, რათა ეროვნული არჩევნების წინ მკაცრად დაეცენზურებინათ კონტენტი მოლდოვაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, ირლანდიასა და რუმინეთში. გასაკვირი არ არის, რომ ევროკომისია კიდევ უფრო აგრესიული იყო 2024 წლის ივნისში გამართული ევროპარლამენტის არჩევნების წინ, სადაც ძალაუფლების ცვლილებას შეეძლო თანამდებობებიდან ჩამოეცილებინა ევროკავშირის გლობალური ცენზურის კამპანიის არქიტექტორები“, - ვკითხულობთ ანგარიშში.