Loading data...
ტრამპს ირანთან ომში გამარჯვების გამოცხადება სურს, თუმცა თეირანმა უფრო მკაცრი პირობები წამოაყენა

„დონალდ ტრამპს ირანთან ომში გამარჯვების გამოცხადება სურს, მაგრამ ირანმა უფრო მკაცრი პირობები წამოაყენა“ – ამის შესახებ სტატიას THE WALL STREET JOURNAL აქვეყნებს.

გამოცემა აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპმა თავის უახლოეს თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად არის ბირთვული შეთანხმების საკითხი დათმოს.

მათივე ცნობით, ამ მიზნის მიღწევა უფრო რთული გახდა მას შემდეგ, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის უზრუნველსაყოფად ყველაზე მკაცრი პირობები მოითხოვა. თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აშშ-მა ირანთან დაკავშირებით თავის ყველა სამხედრო მიზანს მიაღწია და პრეზიდენტი ამჟამად ჰორმუზის სრუტის გახსნაზეა ორიენტირებული.

„ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ თუ აშშ შეძლებს ბირთვული პროგრამის კონტროლის ქვეშ შენარჩუნებას და სრუტეში გადაზიდვები განახლდება, ტრამპი, სავარაუდოდ, განუსაზღვრელი ვადით გააგრძელებს მიმდინარე ცეცხლის შეწყვეტას“, – წერს THE WALL STREET JOURNAL.

ცნობისთვის, თეირანმა ვაშინგტონს ომის დასასრულებლად მოთხოვნების სია წარუდგინა. თეირანის მოთხოვნები ირანის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელმა მოჰამედ ბაღერ ზოლღადრმა გაავრცელა. მოთხოვნები ექვს პუნქტს მოიცავს: „არასდროს დაემუქროთ ირანს და არ შეურაცხყოთ ამ ერის სიწმინდეები; სამუდამოდ დაასრულეთ ომი და აგრესია ირანისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ლიბანში, პალესტინაში, იემენსა და ერაყში; მოხსენით საზღვაო ბლოკადა და გაიყვანეთ სამხედრო ძალები; აუნაზღაურეთ ირანს ორი აგრესიული ომით მიყენებული ზარალი ყოველგვარი დანაკლისის გარეშე; მოხსენით ირანელი ხალხის წინააღმდეგ დაწესებული სასტიკი და უკანონო სანქციები; უპირობოდ გაათავისუფლეთ ირანელი ხალხის გაყინული და მოპარული აქტივები“.

“.